• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

მუნიციპალიტეტების ინიციატივების პლატფორმა


ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და წელს უკვე მეოთხედ გამოცხადდა განაცხადების მიღება მასში მონაწილეობისთვის.

პროგრამა 2022 წელს დაიწყო გაეროს საქართველოს ოფისის „გენდერული თანასწრობის ხელშეწყობის“ პროგრამასთან ფინანსური თანამონაწილეობით. თავდაპირველად, პროგრამის ბიუჯეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან 5000 ლარს შეადგენდა, ხოლო დანარჩენი დაფინანსება გაეროს საქართველოს ოფისმა უზრუნველყო. 2023 წლიდან მუნიციპალიტეტი პროგრამას დამოუკიდებლად ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში, პროგრამით 34 ქალმა ისარგებლა. მათ შორის, ზოგიერთი მათგანი ახალ ბიზნესს იწყებდა, ზოგი კი არსებულ საქმიანობას ავითარებდა.


ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება

ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება (პროგრამული კოდი 06 02 26). ქვეპროგრამის მიზანია ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნათა და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური უსაფრთხოების ხელშეწყობა, რათა ამ გზით შემცირდეს ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე


გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება

ონის მუნიციპალიტეტი, რომელიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, ეკონომიკური და საგანმანათლებლო გამოწვევებით გამოირჩევა, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონებისთვის. ასევე, დასაქმების დაბალი მაჩვენებელია, ტრანსპორტისა და ელექტრონული კომუნიკაციის შეზღუდული ხელმისაწვდომობა ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით ბარიერებს უქმნის.

 


გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტის განვითარება. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქალთა ჩართულობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ესენია: ძიუდო, კარატე, მშვილდოსნობა, ფრენბურთი და ახლა უკვე ფეხბურთი, მთავარი გამოწვევა და თეთრიწყაროელი გოგონების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიჭების სპორტი არ არის.

ქალთა ფეხბურთის ფინანსური მხარდამჭერია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ოთარ წიკლაური აქტიურად არის ჩართული მის  პოულარიზაციაში და სხვადასხვა კომპანიებიდან ფინანსური რესურსის მოძიებაში, მისი ჩართულობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ „კომფორტმშენი 21“ გოგონებს ფორმები და საჭირო აღჭურვილობა შეუძინა. აღსანიშნავია, რომ გოგონებს სოფლებიდან ქალაქის სტადიონზე სავარჯიშოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრანსპორტირებას საგზაო კომპანია „ენკო“ უფინანსებდა. ასევე სამთო მომპოვებელი კომპანია ,,არემჯის “ ფინანსური მხარდაჭერით გოგონებს დაუფინანსდათ გასვლითი შეკრებები და წარმატებული თამაშების შემდეგ ერთჯერადი სტიპენდია ჩაერიცხათ   ასევე თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ნიდერლანდების საელჩოსა და გაეროს ფონდთან თანამშრომლობით გოგონებს საჭირო სპორტული ინვენტარი გადაეცა. ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით გოგონები ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების წევრებს შეხვდნენ. ჰოლანდიის ნაკრებმა გოგონებთან გაცნობითი ხასიათი შეხვედრა და მეგობრული ვარჯიში გამართა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია

გენდერული თანასწორობის საკითხები არამხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, არამედ გლობალური პრობლემაა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში პროგრესი აშკარაა. ქალთა უფლებები დღეს წინ არის წამოწეული და მათ უკვე იციან თავიანთი უფლებები, საუბრობენ ხმამაღლა და უზიარებენ გამოცდილებას სხვა ქალებს. 2015 წელს, როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური დაცვის პროგრამაში გაჩნდა კოდი - ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამა (ქვეყნის მასშტაბით პირველად აისახა მუნიციპალურ ბიუჯეტში) ჯერ კიდევ ერიდებოდნენ მომართვიანობას საზოგადოებაში არსებული სტიგმიდან გამომდინარე. 2015, 2016 და 2017 წელს მერიას ჯამში მიმართა მხოლოდ 8 ბენეფიციარმა. 2018-19-20 წელს კი 109 ძალადობის მსხვერპლმა. ეს მონაცემები არ ნიშნავს, რომ ძალადობის ფაქტები გაიზარდა და მანამდე არ ხდებოდა ძალადობა მუნიციპალიტეტში. ეს საინფორმაციო კამპანიების, უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შედეგია. აქედან გამომდინარე, მომართვიანობაც გაიზარდა. დღესდღეობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობის კუთხით, რომელსაც ახორციელებს სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება, მერის ბრძანებით დანიშნული გენდერზე პასუხისმგებელი პირი, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული უწყებათაშორისი კომისია, რომელიც პირველად დაინერგა ზუგდიდში.


„მრავალშვილიანი ოჯახების მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამა

საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2005 წლიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროგრამა „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება,“ რომლის ფარგლებშიც ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მიეწოდებოდა მატერიალური დახმარება.

2002-2018 წლებში ქუთაისის მოსახლეობა 182.4 ათასიდან 141 ათასამდე შემცირდა, რაც 23%-იან კლებას შეესაბამება. საერთაშორისო კვლევების (UNICEF) მიხედვით, ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლები განაპირობებს 0-16 წლის ასაკის ბავშვების ნაწილობრივ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრებას. ეს ვითარება ზრდის მიუსაფარი, ქუჩაში მცხოვრები და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რიცხვს. მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანი ბავშვები ამ რისკჯგუფში განსაკუთრებით მოხვედრის საფრთხის ქვეშ არიან. ამ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება პირდაპირ აისახება მათი შვილების კეთილდღეობაზე, მათ შორის ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და კვებაზე.

პროგრამის მთავარი მიზანი წლების განმავლობაში ქუთაისის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. მიუხედავად ამისა, პერიოდულად იცვლებოდა სამიზნე ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმები, დახმარების ფორმები და რაოდენობა.

2018 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტმა განახორციელა „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ პროგრამის რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რის შემდეგაც პროგრამის მიზანი განისაზღვრა ახალი ფორმულირებით: მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა მათი ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.

2019 წელს, მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების მიზნით, ბიუჯეტში გაჩნდა ახალი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებული საქმიანობის გაფართოებისთვის თანადაფინანსებას.

ამ ინიციატივის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა გენდერული განზომილება. მრავალშვილიანი დედების ჩართულობა პროექტში მათ დამოუკიდებლობას და ავტორიტეტის ამაღლებას უწყობდა ხელს ოჯახში. ამასთან, ინიციატივა მიზნად ისახავდა მშობლებისთვის საკუთარი თავის ნდობის გაძლიერებას, მოტივაციის ამაღლებას და მათთვის ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას მცირე ბიზნესის მართვის მიმართულებით.

ტრენინგის საშუალებით მონაწილეებმა შეიძინეს ბიზნესგეგმების წერისა და მცირე ბიზნესის მართვის უნარები.

პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეულ იქნა 7 გამარჯვებული, მათ შორის 6 მრავალშვილიანი დედა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, რომ გამარჯვებული ბიზნესგეგმები დაფინანსებულიყო აღჭურვილობის შეძენის სახით, და არა პირდაპირი თანხების გადაცემით, რაც პროექტის მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევას შეუწყობდა ხელს.


ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის, მიმართვიანობის გაზრდის, მსხვერპლთა დაცვის პროგრამა. ქალების გაძლიერებაზე მუშაობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი აქტიურად იბრძვის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს.

2018 წლის 2 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაარსდა გენდერული თანასწორობის საბჭო, და ამავე დღეს დამტკიცდა მისი დებულება. საბჭოს მთავარი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გენდერული ანალიზის ჩატარება და გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა.

ამჟამად მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგის მოდულის შემუშავება საბჭოს წევრებისთვის. ტრენინგების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დამოუკიდებლად ჩაატარონ ტრენინგები ადგილობრივ მოსახლეობას და გაავრცელონ ცნობიერება გენდერული უთანასწორობის შესახებ.

გენდერული თანასწორობის საბჭომ შეიმუშავა გეგმა, რომელიც მოიცავს საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირების, ასევე განათლების, ცნობიერების ამაღლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში საქმიანობის გაფართოებას.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უკვე არსებობს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტი, რომელშიც 5000 ლარი ეთმობა ძალადობის მსხვერპლი ქალების საცხოვრისით უზრუნველყოფას.

ამასთანავე, ბიუჯეტში არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც შეეხება ძალადობის მსხვერპლი ქალების საცხოვრისით უზრუნველყოფას, კერძოდ ბინის ქირის გადახდას. ამ დროისათვის მოსახლეობაში აღინიშნება გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლება. წარმატებით დაასრულეს  ტრენინგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მომზადდა ტრენერთა ტრენინგის მოდული. ტრენინგების დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საზოგადოებისათვის გადმოსცენ სასარგებლო ინფორმაცია და ხელი შეუწყონ ქალთა საკითხებზე ცნობიერების ზრდას.

ამ პრაქტიკის წარმატება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შექმნილია პლატფორმა, სადაც შესაძლებელია ქალთა საკითხების წამოჭრა და ინტერვენცია. ეს ინსტიტუტი აერთიანებს სპეციალისტებს, რომლებიც ქალთა საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის ცოდნას ფლობენ და მზად არიან თავიანთი გამოცდილება გაზიარონ. ამ ეტაპზე, კადრები არიან მომზადებული, რომლებიც ქალთა საკითხებზე მუშაობას შეძლებენ და ამ ცოდნას სხვებსაც გაუზიარებენ. ამგვარად, მთლიანად მუნიციპალიტეტში გენდერული საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება შემდგომში კიდევ უფრო გაიზრდება.


,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“

ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს თანამედროვე საზოგადოებაში. შუახევის მუნიციპალიტეტში, წლების განმავლობაში, დაბალი იყო მოსახლეობის ჩართულობის დონე, განსაკუთრებით ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, რაც აისახებოდა იმ ფაქტზე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ჩართულობის მექანიზმები.

მიუხედავად განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, დღემდე გამოწვევად რჩება ქალების საზოგადოებრივი აქტივობის ხარისხი და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში ქალების ჩართულობის უზრუნველყოფისთვის.

2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ამოცანა 3.1-ში „ადგილობრივ დონეზე მართვისა და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი და ინოვაციური სისტემების დანერგვა“, აღნიშნულია, რომ რეფორმის დღის წესრიგი ითვალისწინებს ქალთა აქტიური მონაწილეობის გაზრდას, როგორც არჩევით თანამდებობებზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სერვისების მომხმარებელთა შორის. ეს ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდასა და ადგილობრივი სერვისების ჩართულობის გაფართოებას, რაც ქალებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებრივ დებატებში მონაწილეობისათვის.

დამატებით, საქართველომ გამოთქვა მზაობა ჩაერთოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში, კერძოდ, მე-16.7 მიზანი, რომელიც გულისხმობს მმართველობის ყველა დონეზე თანამონაწილეობითი და ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უზრუნველყოფას, სადაც უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ყველა ჯგუფის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს კი თავისთავად გულისხმობს ქალთა ჩართულობას და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას.

შუახევის მუნიციპალიტეტი, როგორც აჭარის რეგიონში, ასევე საქართველოს მასშტაბით, პირველი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ადგილობრივი ბიუჯეტის ინოვაციური პროგრამა „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ შეიმუშავა. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მნიშვნელოვან წინსვლას გენდერული თანასწორობის და ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ ქალებსა და ქალთა საინიციატივო ჯგუფებს მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი იდეები რეალობად აქციონ.


გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობა“.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში აღინიშნება ქალთა დაბალი ჩართულობა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობებში, ისე მუნიციპალურ პროცესებში ინიციატივებისა და მოსაზრებების წარდგენის კუთხით. ეს მდგომარეობა განპირობებულია საზოგადოებაში ცნობიერების ნაკლებობით, ფინანსური რესურსების დეფიციტით და სხვა ფაქტორებით. მუნიციპალიტეტის მიზანია, შესაძლებლობის ფარგლებში, შეამციროს ის ბარიერები, რომლებიც აფერხებს ქალთა აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში და ხელი შეუწყოს მათი ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას, ასევე შეიმუშაოს წამახალისებელი სერვისები.

ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას, რომლებიც მოიცავს მარტოხელა მშობელთა დახმარების, ახალშობილთა ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხუთი და მეტ შვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამებს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მხარდაჭერას.

მიუხედავად არსებული პროგრამებისა, გაირკვა, რომ დამატებითი და მრავალფეროვანი სერვისებია საჭირო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გასაუმჯობესებლად. ამის პასუხად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში დამტკიცდა „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქალებს ხშირად აკლიათ ინფორმაცია მუნიციპალური სერვისების შესახებ ან არ იციან, როგორ და რა ფორმით შეავსონ აპლიკაციები. მაგალითად, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ პირველ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ორმა აპლიკანტმა მიიღო, მაგრამ მათგან ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები არასრულყოფილი დოკუმენტაციისა და აპლიკაციის ხარვეზების გამო.

აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა ხელმეორედ გამოაცხადა კონკურსი, თუმცა კვლავ მხოლოდ ორმა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა განაცხადებიც ასევე ვერ დაკმაყოფილდა პროგრამის მართვის მოთხოვნების შეუსაბამობის გამო. კონკურსის ამ შედეგებმა აჩვენა, რომ აუცილებელი იყო ინფორმაციის გავრცელების გაძლიერება და საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება, რათა დაინტერესებულ პირებს დეტალურად განემარტოთ კონკურსის არსი, მიზნები, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და აპლიკაციის შევსების პროცესი.

ამ მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას (ქალებს) დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია აპლიკაციის შევსებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრის შედეგად, მესამე კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, და მათ შორის იყო ქალთა საინიციატივო ჯგუფიც. წარმოდგენილ იქნა აპლიკაციები, რომლებიც შეესაბამებოდა პროგრამის მართვის მოთხოვნებს და კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლის საშუალება მიეცათ.