• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა

თემატიკა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.

აღწერა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და წელს უკვე მეოთხედ გამოცხადდა განაცხადების მიღება მასში მონაწილეობისთვის.

პროგრამა 2022 წელს დაიწყო გაეროს საქართველოს ოფისის „გენდერული თანასწრობის ხელშეწყობის“ პროგრამასთან ფინანსური თანამონაწილეობით. თავდაპირველად, პროგრამის ბიუჯეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან 5000 ლარს შეადგენდა, ხოლო დანარჩენი დაფინანსება გაეროს საქართველოს ოფისმა უზრუნველყო. 2023 წლიდან მუნიციპალიტეტი პროგრამას დამოუკიდებლად ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში, პროგრამით 34 ქალმა ისარგებლა. მათ შორის, ზოგიერთი მათგანი ახალ ბიზნესს იწყებდა, ზოგი კი არსებულ საქმიანობას ავითარებდა.

განმახორციელებელი ორგანიზაცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

გამოწვევა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები ხშირად აწყდებიან სოციალურ და ეკონომიკურ ბარიერებს. ქალების უმრავლესობას სურს საკუთარი ბიზნეს-იდეის განხორციელება, თუმცა ფინანსური რესურსების არარსებობა ან სესხების რთულად ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ შესაძლებლობას. განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალები განიცდიან დასაქმების შეზღუდულ შესაძლებლობებს, რაც მათ ეკონომიკურ დამოკიდებულებას იწვევს.

ზოგიერთ შემთხვევაში, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ხელს უშლის ქალების მიერ დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებას. გარდა ამისა, მრავალშვილიანი ან მარტოხელა დედები ხშირად ვერ პოულობენ საკმარის დროს ახალი საქმიანობისთვის, რაც ოჯახის მოვლის ყოველდღიური ვალდებულებებით არის გამოწვეული.

ამ მიზეზებით, ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთარი ბიზნეს-იდეის რეალიზება სახლიდან გაუსვლელად, რაც მათ საშუალებას მისცემს შეუთავსონ პროფესიული განვითარება საოჯახო ვალდებულებებს.

გადაჭრის გზა

სწორედ ის გარემოებები, რომლებზეც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქალები მიუთითებდნენ, გახდა ლია შაქარიშვილისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ინიცირების საფუძველი. ორწლიანი ადვოკატირების შედეგად, მან შეძლო გადაწყვეტილების მიმღები პირების დარწმუნება პროექტის მნიშვნელობაში.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა უნიკალურია იმით, რომ უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას მცირე და დამწყები ბიზნესებისთვის. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული შეღავათიანი პირობები დროთა განმავლობაში იცვლებოდა და მაქსიმალურად ერგებოდა ქობულეთში მცხოვრები ქალების საჭიროებებს. ამჟამად პროგრამის ძირითადი პირობები ასე გამოიყურება:

  • თითოეული გამარჯვებული პროექტის დაფინანსება განისაზღვრება 500 ლარიდან 5 000 ლარამდე.

  • დაფინანსების მოსაპოვებლად საჭირო არის მხოლოდ 10%-იანი თანამონაწილეობა პროექტის საერთო ღირებულებიდან.

  • განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის:

    • ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს

    • შშმ ქალებსა და შშმ პირების დედებს

    • ძალადობის მსხვერპლ ქალებს

    • მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს

    • იძულებით გადაადგილებულ ქალებს

ზემოაღნიშნული ჯგუფები გათავისუფლებული არიან თანამონაწილეობის ვალდებულებისგან, რაც ასახავს პროგრამის სოციალურ პასუხისმგებლობასა და ინკლუზიურობის მაღალ სტანდარტს.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ქალები წარმატებით ახორციელებენ მრავალფეროვან საქმიანობას, მათ შორის – სამეწარმეო პროექტებს, მომსახურების გაწევას, ხელნაკეთი პროდუქციის წარმოებას და სხვა ინიციატივებს. თითოეული მათგანი არა მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის ქმნის ეკონომიკურ საფუძველს, არამედ ადგილობრივ საზოგადოებასაც სთავაზობს დამატებით სარგებელს.

გასულ წელს პროგრამის შეღავათიანი პირობებით ისარგებლეს იძულებით გადაადგილებულმა ქალებმა, რომლებიც ქობულეთში კომპაქტურად არიან დასახლებულნი. მათი ჩართვა მიზნად ისახავს პროგრამის გაფართოებასა და გაძლიერებას.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა ქობულეთელ ქალებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი იდეები შემოსავლის წყაროდ აქციონ, გახდნენ წარმატებული ქალების ისტორიის ნაწილი და შეიტანონ წვლილი ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სოციალური თანასწორობის დამკვიდრებაში.