„ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიაზე 2025 წელს ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის ყაზბეგში ჩატარდა თემატური ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ქარტიის პრინციპების პრაქტიკულ იმპლემენტაციას და თანასწორობის საკითხების ეფექტიან ინტეგრირებას ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო პროცესებში.
სესია ორგანიზებული იყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) თანამშრომლობით. ტრენინგში მონაწილეობდნენ დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, ქედის, ხაშურისა და ხელვაჩაურის საფინანსო სამსახურების წარმომადგენლები.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს ა.თ.ე.ა.-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლაშა არჩვაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსმა მარი ჯობავამ, რომელმაც ასევე წარმოადგინა GRB მექანიზმის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხედვა და მიმდინარე რეფორმები.
სესიის პრაქტიკულ ნაწილს უძღვებოდა საჯარო ფინანსების მართვის ექსპერტი შორენა კახიძე. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ თუ როგორ ხდება თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება პოლიტიკისა და ბიუჯეტირების ციკლის ყველა ეტაპზე, ასევე, რა საერთაშორისო სტანდარტებია მიღებული და როგორია ქარტიის მოთხოვნებთან შესაბამისი საბიუჯეტო დაგეგმვის მოდელი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მონაცემებზე, ინდიკატორებზე, პროგრამული ბიუჯეტირების დოკუმენტებზე და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია თანასწორობისადმი მგრძნობიარე ბიუჯეტის შედგენისათვის.
როგორც პროექტის ,, ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" წამყვანმა კონსულტანტმა თამარ ფრანგიშვილმა აღნიშნა, ორდღიანი მუშაობის შედეგად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს რეკომენდაციები და გაიუმჯობესებ უნარები, რომლებიც დაეხმარებათ 2025 წელს ქარტიის მოთხოვნების შესრულებასა და ადგილობრივ დონეზე თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით უფრო სისტემური ნაბიჯების გადადგმაში.
აღსანიშნავია, რომ ა.თ.ე.ა.-ს ადვოკატირებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ქარტიაზე ხელმომწერი 32 მუნიციპალიტეტია, თუმცა ინიციატივის მიმართ ინტერესი იზრდება და კიდევ უფრო მეტი თვითმმართველი ერთეული გამოხატავს დოკუმენტზე მიერთების სურვილს.
ფოტო გალერეა

